20 აპრილი

   „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს - ჯაბა ფუტკარაძეს მოუსმინეს. მომხსენებლის გამოსვლამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მორწმუნეებს აღდგომისა და ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში გაკეთდა განცხადებები.

   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თავისი გამოსვლა გასული წლის მცირე შეფასებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 2022 წელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული იყო როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, რაც შესაბამისი ორნიშნა მაჩვენებლებითაც დასტურდება. მომხსენებლის განცხადებით, უწყების 2022 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 116 მილიონ ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი 133 მილიონს აჭარბებს. ამასთან, მთავარი ფინანსური კანონის 65 %-ზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის.

   2022 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების, განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე წლის სამი თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობების შესახებ  ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით საინვესტიციო პოლიტიკას,  საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს, მაღალმთიანეთში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციებით უზრუნველყოფისა და რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს მოიცავდა.

  ცალკეული დეპუტატების გამოსვლებისა და შეფასებების შემდგომ, სხდომა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ შეაჯამა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი