„ჩვენისთანა დიდი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ბათუმში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს IV საერთაშორისო სემინარის გახსნის ღონისძიებაზე.
სემინარი - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - პრობლემები და პერსპექტივები“, 2 სესიად გაიმართა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს, კვლევებსა და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმო.
სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა.
ღონისძიება, სიმბოლურად, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს გაიმართა.