აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს კეიკო ოზაკსა და ამავე სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების ახალ პროექტზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.
საპილოტე პროექტი, რომელიც ორსულთა და 5- წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიის, ასევე ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს მომზადებას ითვალისწინებს, აჭარაში დაიწყება და სამი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს მოიცავს. მედიცინის დოქტორის, პროფესორ ნინო ქაჯაიას განმარტებით, პროექტის მიზანი დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაძლიერება და მშობელთა ცნობიერების ამაღლებაა.
უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი, აჭარის საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ.