„ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაციის ვიზიტი აჭარაში, პრეზიდენტ დოქტორ ფრანც შაუსბერგერის მეთაურობით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ ევროპას თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა, მისი კონკრეტული რეგიონი იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.
დავით გაბაიძის განცხადებით, გასული წლის ბოლოს აჭარის წარმომადგენლობითი დელეგაცია მონაწილეობდა IRE-ს გენერალურ ასამბლეაში, სადაც გაიმართა ჩვენი რეგიონის პრეზენტაცია და რამდენიმე დღის განმავლობაში ზალცბურგის მცხოვრებლები, ქალაქის სტუმრები, საინფორმაციო რგოლების მეშვეობით, ეცნობოდნენ საქართველოს.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, IRE მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ, მისმა რეგიონებმა შეძლონ ისარგებლონ იმ პროექტებითა და ბენეფიტებით, რომლებსაც ევროკავშირი სთავაზობს თავის წევრებს.
„საქართველო ევროპული ქვეყანაა, აჭარა - ევროპული რეგიონი და თქვენი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მიზანია, რომლის მიღწევაშიც, მზად ვართ დაგეხმაროთ ჩვენი გამოცდილებითა და შესაბამისი ბერკეტებით“, - აღნიშნა ფრანც შაუსბერგერმა.
შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე და აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე. სტუმრებმა დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა, გადაიღეს სამახსოვრო ფოტო და ჩანაწერი დატოვეს შთაბეჭდილებათა წიგნში.
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის ((IRE) წარმომადგენლობითი დელეგაცია აჭარაში უმაღლესი საბჭოს მოწვევით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. დელეგაცია ეწვევა ბსუ-სა და საზღვაო აკადემიას.
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლობა 10 წელზე მეტს ითვლის.