ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე და ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი ლეილა ღოღობერიძე “ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ კლინიკურ დირექტორს - ირმა ხვიჩიას, „მედიქლაბჯორჯიას“ წარმომადგენლებს - „საქართველოს მყიფე x სინდრომის ცენტრის“ კოორდინატორს ნაზი ტაბატაძესა და „ნეიროგენეტიკისა და მეტაბოლიზმის ცენტრის“ დირექტორს თამარ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრა აჭარაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საჭიროებებს, სკრინინგს, დიაგნოსტირებას, მკურნალობას, მონიტორინგსა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს დაეთმო.
ილია ვერძაძის განცხადებით, ამ მიმართულებით არსებული პროგრამები და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც მედიკოსების მხრიდან ყოველდღიური პრაქტიკით გამოვლენილი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე, ყურადღება ასევე გამახვილდა ბავშვებში ეპილეფსიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მართვის საკითხებზე.