აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის, რეგიონის მხარდაჭერისათვის, მიმდინარე, ასევე განხორციელებული პროექტებისათვის და საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს. ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 7,5 მილიონი ევროა, აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერასა და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და KFW-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის ეროვნული კოორდინატორი ვახტანგ წულაძე და WWF-ის კავკასიის პროგრამის ოფისის დირექტორი გიორგი სანადირაძე ესწრებოდნენ.