07 მარტი

  აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.  სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

  ბიუროს გადაწყვეტილებით,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“  კანონებსა და  აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული პროექტები კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად.

  პირველი ცვლილება უკავშირდება 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიის წარდგენის ზოგიერთ დროებით წესს, რომელიც გენდერულ კვოტირებას განსაზღვრავს. ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ კანონის ცვლილება  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისთვის სავალდებულო წესით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების აღწერას ისახავს მიზნად.

   რაც შეეხება რეგლამენტის პროექტს, ცვლილება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს თავიანთი პოზიციების, მოსაზრებების, წინადადებების გამოხატვის დამატებით სამართლებრივ შესაძლებლობებს აძლევს.

   სამივე პროექტი, რომლებიც სხდომაზე ტიტე აროშიძემ წარმოადგინა, გამარტივებული წესით განიხილება.

განცხადებები

დღის წესრიგი