„ტყე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია, რომლითაც დაფარულია რეგიონის მნიშვნელოვანი ტერიტორია. აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ მიმართულებით აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა კანონმდებლობის სრულყოფის ნაწილში, დაწყებული გვაქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე კანონმდებლობაში აისახება“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ბათუმში, აჭარის სატყეო სააგენტოს განვითარების პროექტის წარდგენის ღონისძიების გახსნისას.
პროექტი - „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის - KfW-ს მეშვეობით ხორციელდება. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 7 492 000 ევროა, აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას ითვალისწინებს. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ტყის მდგრადი მართვის სრული ციკლი.
პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, გარემოსდაცვითი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.