"საზღვაო სფერო ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელსაც ლომის წილი შეაქვს ქვეყნის განვითარება-გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ შრომის საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კონკურენტუნარიან გარემოში კვალიფიციური კადრები განსაზღვრავენ წარმატებას," - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ "საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
სსიპ "აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამა, რომელიც მოკლევადიან სასწავლო კურსს მოიცავდა, ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის - "ისწავლე დასაქმებისთვის" მხარდაჭერით შეიქმნა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში განხორციელდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ილია ვერძაძის განცხადებით, მიზნობრივი ქვეპროგრამა, რომლითაც 25-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, სასიკეთოდ აისახება არა მხოლოდ სასაწავლო კურსის მონაწილეებზე, არამედ მათ ოჯახებზეც, ვინაიდან ყველა მათგანი უახლოეს მომავალში კომპანია "Columbia Shipingmanagement Georgia-ს" სამგზავრო ლაინერებზე დასაქმდება.
პროფესიული პროგრამის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ კურსდამთავრებულებს სსიპ " აჭარის დასაქმების სააგენტოს", განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის, უმაღლესი საბჭოსა და ნავიგაციის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.