ბათუმში მშენებარე განათლებისა და მეცნიერების ქალაქს კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება შეემატება. კოლეჯ "ბლექსის" მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
560 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აშენდება. მშენებლობის დაწყების ნიშნად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ ჩაუშვეს.
ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში და მის ცალკეულ რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯების ფუნქციონირება და მაღალი ხარისხის ევროპული განათლების მქონე კადრების მომზადებაა. მომავალი სასწავლო დაწესებულების შენობა სამსართულიანი იქნება. აქვე აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელიც. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 17 179 515 ლარია და მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.