აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და ამავე კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი - ლეილა ღოღობერიძე, ბათუმში, კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა სახელწოდებით - „რეაბილიტაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების როლი ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში“ უფასო კონსულტაციებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პრეზენტაციებს დაეთმო.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინსულტის შემდგომი, მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო მკურნალობის ჩართვასთან დაკავშირებით, უფასო კონსულტაციები პაციენტებს კენ ვოლკერის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაუტარა. მსურველებმა, ასევე უფასოდ ისარგებლეს პედიატრიული სავარძლების და ადაპტაციური საშუალებების მორგების სერვისით.