აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - ტიტე აროშიძის ინიციატივით, ბათუმში „აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ინსტიტუციონალური მოდელის“ პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია, რომლის განვითარებაც, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. ის რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სისტემის დარეგულირებას და მის ერთიან სისტემად ჩამოყალიბებას, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის,“ - აღნიშნა ტიტე აროშიძემ პრეზენტაციის გახსნისას.
ორ სესიად მიმდინარე ღონისძიებაზე აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური სქემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინსტიტუციური მოდელი ტრანსპორტის მგეგმარებელმა, კომპანია STS-ის ტექნიკურმა დირექტორმა - ზურაბ ბერაძემ და ამავე კომპანიის სამართლებრივმა ექსპერტმა - ეკა შანიძემ წარმოადგინეს. როგორც აღინიშნა, შემუშავებული დოკუმენტები, მომრავლებული სატრანსპორტო საშუალებების ფონზე, სატრანსპორტო კოლაფსებისა და საცობების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. სატრანსპორტო პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია სამომავლო ნაბიჯებზე.
პრეზენტაციას, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე, ლადო მგალობლიშვილი, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, კომიტეტების, საქართველოს პარლამენტის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ლაშა ნაკაშიძემ შეაჯამა. შეხვედრაზე წარმოდგენილი გენერალური გეგმისა და ინსტიტუციონალური მოდელის სამუშაო ვერსიები ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით გადაიხედება და განახლდება.