„ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია საგანმანათლებლო სფეროს განვითარებასა და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაში. გასული 25 წლის განმავლობაში, ფაკულტეტმა, არაერთი პროფესიონალი კადრი გაუზარდა ჩვენს ქვეყანას, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასა და კერძო კომპანიაში. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის და გისურვებთ წარმატებებს“- განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
აჭარის უმაღლეს საბჭოს აქტიური თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის უნივერსიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.
უნივერსიტეტის და ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ და მადლობის სიგელები გადაეცათ - ფაკულტეტის ყოფილ დეკანებს, კურსდამთავრებულებს, საპატიო დოქტორებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
საიუბილეო საღამოზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ალდაგს“ შორის.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 1997 წელს დაარს და გასული 25 წლის მანძილზე 8 ათასზე მეტი სტუდენტი - ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო საქმის სპეციალისტი აღზარდა.
საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩატარდა - კონფერენციები, საჯარო ლექციები, ვორქშოფები, სხვადასხვა სტუდენტური აქტივობები.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში გამართულ დასკვნით საღამოს სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, კურსდამთავრებულები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და დამსაქმებლები ესწრებოდნენ.