„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო მიმდინარე წლის 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
საკითხი კანონმდებლებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა. მარინა გვიანიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, მთავრობისათვის გადაგზავნილი შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია და საკითხი მზადაა პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
ბიურომ მხარი დაუჭირა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელებას საგაზაფხულო სესიის პერიოდისათვის. საკითხი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.
დღესვე ბიუროს წევრებმა განიხილეს და განსაზღვრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.