შუახევის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებები, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე და მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი - ფრიდონ ფუტკარაძე დაესწრნენ, სპორტული მოედნის გახსნით დაიწყო.
სახალხო ზეიმისათვის, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ეთნოკუთხეები, ე.წ. სამეწარმეო მარკეტი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-ბაზრობა მოეწყო. აქვე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი ნიმუშები, ტრადიციული კერძები.
სახალხო დღესასწაულზე დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ „საპატიო შუახეველები“, გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ფლეშმობი, სპორტული და სხვა ღონისძიებები, მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
„შუახევობა -2022“ დასკვნითი კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.