"სიმბოლიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სხვა ნიშნებთან ერთად, რითაც სახელმწიფოს ახასიათებენ, ერთ-ერთ მთავარ ნიშანს სწორედ სიმბოლიკა წარმოადგენს", - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ სემინარის გახსნისას.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ - საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარე - მამუკა გონგაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძე.
სემინარი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო, ტერიტორიული სიმბოლოების ისტორიული წინაპირობების, ჰერალდიკური საფუძვლების, მათში განხორციელებული ცვლილებებისა და თანამედროვე სიმბოლოების სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებს დაეთმო. პარალელურად, მოეწყო გამოფენა, რომელზეც გამოიფინა საქართველოს ისტორიული დროშები და საზღვაო რუკები, შუა საუკუნეების (XIV-XVI სს.) პორტოლანები, რომლებზეც საქართველო (თბილისი და საზღვაო ნავსადგური - სებასტოპოლისი, დღევანდელი სოხუმი) წარმოდგენილია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
აქვე გაიმართა წიგნის - „აფხაზეთის სიმბოლიკისათვის“ პრეზენტაცია. ღონისძიებას ჰერალდიკის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის წევრები, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.