ბათუმის საზაფხულო თეატრში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. საგნობრივ კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მომავალი თაობის მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, კონკურსებსა და ოლიმპიადებს 2012 წლიდან ატარებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის.
2021 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების 15 000-მდე მოსწავლიდან საპრიზო ადგილზე გავიდა - 133, რომლებსაც დიპლომები და ფასიანი საჩუქრები - ლეპტოპები, პლანშეტები, ჩანთები გადაეცათ. 86 მოსწავლე კი, მიღწეული წარმატებისათვის, სიგელებით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ესეების კონკურსში გამარჯვებული 10 მოსწავლე, გაცვლითი ღონისძიების ფარგლებში, ერთკვირიანი ტურით პოლონეთის ქალაქ ვროცლავში იმყოფებოდა.