2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 123 მილიონი ლარით განისაზღვრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, 13 %-ით იზრდება და 32 მილიონ ლარს აჭარბებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 15 %-ით იზრდება და 95 მილიონ ლარს შეადგენს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით კანონპროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაზა შავაძემ. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 30 %-ით იზრდება და 27 მილიონ 280 ათასი ლარით განისაზღვრება.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს ორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.