უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პირველ საკითხად, ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პირველად რეგიონის ისტორიაში, რესპუბლიკური ბიუჯეტი 507 მილიონი ლარია, ამასთან, მოსალოდნელია საბიუჯეტო პარამეტრების გაზრდა.
ძირითადი მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, მომავალი წლისთვის გათვალისწინებულ პროგრამებსა და სიახლეებზე ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. სამინისტროს ბიუჯეტი 13 %-ით იზრდება და 32 მილიონ ლარს აჭარბებს.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. აქვე, მოისმინეს და ცნობად მიიღეს 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.
„შშმ პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე“ თემატური მოკვლევის შესახებ მოხსენება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ წარმოადგინა. კანონმდებლების გადაწყვეტილებით, მომზადებული რეკომენდაცია ყველა შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
კომიტეტებმა ასევე განიხილეს პეტიცია - ,,ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“, რომელიც მისმა ავტორმა - მაია ქათამაძემ წარადგინა. ორივე კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეკომენდაცია ყველა შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
სხდომაზე კიდევ ერთ პეტიციაზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრებმა - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის, შესწავლის და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ’’ პეტიცია მისმა ავტორმა - ნესტან ანანიძემ წარმოადგინა. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, პეტიცია შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.