10 ნოემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მარინე გვიანიძემ და ილია ვერძაძემ შრომის უსაფრთხოების საკითხებში ქართველ და გერმანელ ექსპერტებს უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „გაუმჯობესებული ჩარჩო-პირობები უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოსათვის“  შესახებ იმსჯელეს.

  სპეციალურად აჭარისთვის მომზადებულ პროექტს გერმანიის შრომის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი ორგანიზია „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში VDSI-ს რეგისტრირებულ ასოციაცია“ და საქართველოში ბიზნეს სექტორის ინტერესების დამცველი გაერთიანება  - ააიპ „ბიზნეს საქართველო“ ახორციელებენ.

  ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, აჭარაში არსებული კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების თანამშრომელთათვის  ტარდება ტრენინგები, ბათუმში სამშენებლო ობიექტებზე ქართველი და გერმანელი აუდიტორები ახორციელებენ შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის ერთობლივ სარეკომენდაციო აუდიტს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს შორის მნიშვნელოვანია უბედური შემთხვევების მინიმიზაციის მსოფლიო მოძრაობაში  -„Vision Zero” საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობის მიზნით მრგვალი მაგიდის ორგანიზება, ელექტრონული პორტალის და ვიდეორგოლის მომზადება და სხვა აქტივობები.

  პროექტის შედეგების წარდგენა 15 დეკემბერს იგეგმება ბათუმში.

  შეხვედრაზე, რომელსაც პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძე ესწრებოდა, მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი