საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილა. პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერაა ინიცირებული, სხდომაზე მისმა ერთ-ერთმა ავტორმა წარადგინა.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ბერკეტების გაფართოება, უფრო კონკრეტულად კი, თემატური მოკვლევის საკითხის ინსტიტუციონალიზაციაა, რასაც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს კიდეც რეგლამენტის პროექტი.
ცვლილების მეორე ნაწილიც ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებაა და მისი მიზანი, ონლაინმექანიზმების გამოყენებით, უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდაა. კერძოდ, მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე - მინისტრის საათამდე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს საკანონმდებლო დონეზე ექნებათ გარანტირებული უფლება კითხვით მიმართონ მთავრობის შესაბამის წევრს.
კომიტეტმა რეგლამენტის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.