„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დავაბრუნოთ ბიბლიოთეკებში, რომ საამისოდ ყველა პირობა შევქმნათ როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე იქ მომუშავე პერსონალისთვის“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ კომიტეტის მორიგ გასვლით სხდომაზე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
დავით ბაციკაძე, თემატურ მოკვლევაზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, მოხსენებით წარსდგა.
გასვლითი სხდომა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რესურსცენტრების წარმომადგენლები და ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, ერთგვარ შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა. ზეპირი მოსმენის მიზანი თემატური მოკვლევისას გამოკვეთილი გამოწვევებისა და მათი მოგვარების მექანიზმებზე დამატებითი მსჯელობა იყო.
შემდგომ ეტაპზე კომიტეტი შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას გეგმავს, რომლებიც, საბოლოოდ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეგზავნება.
უმაღლესი საბჭოს დარგობრივმა კომიტეტმა თემატური მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე 2022 წლის მაისიდან დაიწყო. ზეპირ მოსმენას წინ უძღოდა გასვლითი სხდომები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ამასთან, შეგროვდა და გაანალიზდა რეგიონის საჯარო სკოლებიდან გამოთხოვილი ვრცელი ინფორმაცია.