აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ბრიუსელში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის სხდომას დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს წევრები ევროპის რეგიონთა ასამბლეის მოქმედ და ყოფილ გენერალურ მდივნებს - კრისტიან სპარს და მეთიუ მორსს, ევროპარლამენტარ ლუკას მანდლს, ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს ტატიანა ეგოროვა-ლუცენკოს, წევრი რეგიონების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის ძირითადი საკითხები იყო - სამომავლო ურთიერთობები, პერსპექტივები, პრიორიტეტები და არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევის პოლიტიკა.
სხდომაზე, გასული წლის საქმიანობის ანგარიში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტმა მაგნუს ბერნტსონმა წარადგინა. დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, წევრად მიიღეს უკრაინის 11 რეგიონი.
2022 წლის ევროპის რეგიონთა ასამბლეას, რომელიც ავსტრიის მთავრობის სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით ჩატარდა, იტალიის, ავსტრიის, რუმინეთის, შვეიცარიის, ალბანეთის, შვედეთის, საქართველოს, ნორვეგიის, ნიდერლანდების და უკრაინის რეგიონების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სახელმწიფო მოხელეები ესწრებოდნენ.