აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს, გასვლითი გაკვეთილი საკანონმდებლო ორგანოში ჩაუტარა. „სახელმწიფო და სამართალი“ - ასე ეწოდება საგანს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრი ამავე სკოლაში ასწავლის და რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები სახელისუფლებო შტოების, კერძოდ, საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობის სპეციფიკასა და პრინციპებს გაეცნენ.
ახალგაზრდებმა სახელმწიფოს მოწყობაზე, ქართულ კონსტიტუციონალიზმსა და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისაგან - დავით გაბაიძისაგან მოისმინეს, ასევე დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში, მოსწავლეებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის ისტორია, სტრუქტურა და საქმიანობის სპეციფიკა ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა - ცირა ხაჯიშვილმა გააცნო. გაკვეთილის პარალელურად, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს შენობა და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.