აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ბათუმში, ფორუმი სახელწოდებით - ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გახსნა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყანაში აგროსფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსგავსი ფორუმების დანიშნულებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, სიახლეებზე, დაგვიანებული მიწის რეფორმის შედეგად ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აგროფორუმის მიზანი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებაა.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებსა და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებზე. აქვე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია.
აგროფორუმს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, მარინე გვიანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და 20-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.