უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. მისასალმებელ სიტყვაში, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, მასწავლებლის პროფესიის სირთულეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ურთულეს დროს, ურთულეს პირობებში უერთგულეს საყვარელ საქმეს.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების მიერ, სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩეული 70 მასწავლებელი დაესწრო, რომლებსაც ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.
პედაგოგებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
5 ოქტომბერი, როგორც მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, 1994 წლიდან დაწესდა და ამჟამად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.