აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ადაპტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უმაღლესი საბჭო, რეგიონის მასშტაბით, პირველი სახელმწიფო უწყება იქნება, რომლის შენობაც სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
აღნიშნული ღონისძიებები საკანონმდებლო ორგანოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს შენობის მისაწვდომობის კონცეფცია მობილობის, მხედველობისა და სმენის შეზღუდვის მქონე პირთათვის ითვალისწინებს პანდუსების, ტაქტილური ბილიკებისა და ლიფტის მოწყობას.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათვალისწინებულია სახურავის, ტერასების წყალსადინარი სისტემის რეაბილიტაცია-რემონტი, შესაღებია ფასადი, შესაცვლელია მისი განათების სისტემა და ა.შ.
შენობა, რომელიც 1937 წელს აშენდა და ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა თავისი ორიგინალური არქიტექტურის გამო, შეტანილია ბათუმის არქიტექტურული მემკვიდრეობის ნუსხაში როგორც მატერიალური კულტურის ძეგლი.
სატენდერო პირობები სრულად იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=476448&lang=ge