26 სექტემბერი

  აჭარის  უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში რეგლამენტის პროექტის - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვის პროცედურები იწყება. საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

 ბიუროს გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილი ზაალ ზაალიშვილის, სოფიო კახაძის, დავით ფარტენაძის, თამარ ქამადაძის, ციალა შავაძისა და სოფიო შაქარიშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

 ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში.

 დღის წესრიგის ბოლო საკითხად, ბიუროს წევრებმა ღია მმართველობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და მიიღეს. საკითხი უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი