25 სექტემბერი

„ბათუმის დღეების“ ფარგლებში აჭარის ოფიციალური დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში დასრულდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ტრაპიზონის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოეთში არსებული ქართული დიასპორების გაძლიერებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, საქართველო არის იმ მცირე ქვეყნების რიცხვში, რომელთაც კონსტიტუციებში აქვთ ჩანაწერი უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე შეძლო ქართულმა სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, მათ შორის უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების მხარდაჭერა, მუსიკალური ინსტრუმენტებით, ტრადიციული ცეკვის ტანისამოსით აღჭურვა და სხვა.

დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე ორ ქვეყანას, საქართველო-თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ტრაპიზონის გუბერნატორს და მერს - ისმაილ უსტაოღლუს და მურათ ზორლუოღლუს შეხვდა, ასევე დაესწრო ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიებას და გამოფენას, რომელზეც აჭარული კუთხე და ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი. „ბათუმის დღეების“ პროგრამის ფარგლებში განახლდა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის წლების წინ გაფორმებული მემორანდუმი, გაიმართა საფოსტო მარკის პრეზენტაცია, შედგა ამხანაგური მატჩი ,,ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი