13 სექტემბერი

 „წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა, შესაბამისად გაიზრდება პროგრამების დაფინანსება, რომელთა განხორციელება ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ, რომელიც  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარადგინა.

ზაზა შავაძის განმარტებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 10 504 359 ლარით გაიზრდება და 31 409 408 ლარს შეადგენს. 2023 წელს საოჯახო მეურნეობაში ჩართული არანაკლებ 270 ბენეფიციარი ისარგებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერით. გაგრძელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა. კვლავ პრიორიტეტად რჩება ციტრუსის სუბსიდირება. გაძლიერდება ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება. მისივე თქმით, სამინისტრო  გააგრძელებს  სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.

პროგრამების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი