12 სექტემბერი

         ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლების შემოდგომის აკადემიას მასპინძლობს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა - ქეთევან კვინიკაძემ და პროექტის - „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მენეჯერმა - თამარ ზოდელავამ გახსნეს.

        „მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ სად იმყოფება კონკრეტული სტრუქტურა დღეს, სად ვხედავთ მომავალში ჩვენს თავს და რა არის საჭირო წარმომადგენლობითი ორგანოების ადმინისტრაციების გაძლიერებისთვის, სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის. ეს, ჩვენთვის, არის შესაძლებლობაც და გამოწვევაც, ჩვენ გვიწევს რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური პარლამენტების თანამშრომლებთან ერთად არსებული მდგომარეობის და სტრატეგიული გეგმების განსაზღვრა. დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო აკადემია ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოების სტრუქტურების განვითარება-გაძლიერებას,“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

        აკადემია, რომელიც 11- 16 სექტემბერს იმუშავებს, სტრატეგიული დაგეგმარებისა და შესრულების შეფასების საკითხებს დაეთმობა და რამდენიმე სესიად წარიმართება. მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, რეგიონული პროექტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები.

     შემოდგომის აკადემია საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თანაორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით იმართება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი