აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლონელ ახალგაზრდებს უმასპინძლეს. ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, განათლების დეპარტამენტისა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე შეხვდნენ.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სტუმრებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, აპარატის სტრუქტურისა და მუშაობის სპეციფიკის, ასევე ბოლო წლებში ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრას, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე ესწრებოდა, ყურადღება გამახვილდა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები ხელს შეუწყობს აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
პოლონელი ახალგაზრდების ვიზიტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის ოლქის მარშალის ოფისის მიერ, რეგიონებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ხოლო 10-17 სექტემბერს დაგეგმილია საპასუხო ვიზიტი და აჭარიდან ვროცლავში კონკურსით შერჩეული 10 მოსწავლე გაემგზავრება.