აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა ლანდტაგის პრეზიდენტის - ულრიკე ლიდტკეს ხელმძღვანელობით.
6-კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ლანდტაგის დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები და ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე - პავლე შპეტიშვილი შედიან, აჭარას პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის განახლება-გააქტიურების მიზნით ესტუმრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის წლების წინ დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება-ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პეტიციების, მათში მოქალაქეთა ჩართულობის, ევროსტრუქტურებში საქართველოს მხარდაჭერისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, ქვემო სილეზიის სეიმიკისა და ბრანდენბურგის ლანდტაგის ორგანიზებით რეგიონული პარლამენტების კონფერენციის ჩატარებაზე, რომელიც ღია მმართველობის საკითხებს დაეთმობა.
ქალბატონმა ულრიკე ლიდტკემ, დელეგაციის სახელით, გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს და აქვე, დავით გაბაიძე ოფიციალურად მიიწვია ბრანდენბურგში. სტუმრებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვეს შთაბეჭდილებათა წიგნში.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.
ცნობისათვის: 2013 წლის 6 ივნისს, პოტსდამში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ბრანდენბურგის ლანდტაგს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. დოკუმენტი, მხარეებს შორის თანამშრომლობასთან ერთად, საპარლამენტო, რეგიონული და ფედერალური მმართველობის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.