საზღვრისპირა სოფელ სარფში - აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო დღესასწაული - „კოლხობა“ იზეიმეს. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტს ითვლის, ადგილობრივებს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ დღესასწაული განსაკუთრებული სითბოთი მიულოცა ადგილობრივებს, ისტორიული ლაზეთის მკვიდრებს როგორც სარფს აქეთ, ისე სარფს იქით, გაიხსენა ჩვენი საამაყო ისტორიული წარსული და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას.
სანაპიროზე ტრადიციულად გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლებისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. სტუმრებს ადგილობრივები ლაზური კერძებით გაუმასპინძლდნენ.
სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა და პირველად „ქვაომხაზობის“ სახელით გაიმართა. 1979 წლიდან მოყოლებული მას „კოლხობა“ ეწოდება და მეფე აიეტისა და მედეას მითს უკავშირდება.