"ომი აფხაზეთში ჩვენი სახელმწიფოს უახლესი ისტორიის უმძიმესი ფურცელია, თქვენ ხართ მონაწილეები ურთულესი დღეებისა, თქვენი ისტორია და გამოცდილება არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის", - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ კონფერენციაზე "ომი აფხაზეთში - 30 წელი".
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე - ასლან ლორთქიფანიძე კონფერენციის მუშაობაში ონლაინ ფორმატში ჩაერთვნენ.
აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა და ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში - აფხაზეთში, სამი ათეული წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, დღეს არსებულ ვითარებასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.