აჭარის მწერალთა სახლში, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - დავით თედორაძემ გახსნა.
ფილმის ჩვენებამდე პრეზენტაციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირების ხსოვნას.
ტარიელ ფუტკარაძე გამორჩეული პიროვნება იყო. ცნობილი ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბათუმის პრეფექტი (1991), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი 2011-2021 წლებში, 1960 წელს დაიბადა შუახევში, სოფელ ტომაშეთში, გარდაიცვალა 2021 წლის 2 იანვარს, კორონა პანდემიის შედაგად. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთაზე არსებულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ტარიელ ფუტკარაძე ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა. გამორჩეულ პიროვნებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ახალგაზრდობის აღზრდასა და ენათმეცნიერების საკითხებით მათ დაინტერესებაში.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მალე თბილისში ერთ-ერთ ქუჩას თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭება.