აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
კურსდამთავრებულთა გამოშვების 85-ე საიუბილეო საზეიმო ღონისძიებაზე, მანტიებში გამოწყობილ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, ბსუ-ს რექტორმა - მერაბ ხალვაშმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1650-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათი გაცილების საზეიმო ღონისძიებაზე წარჩინებული სწავლისათვის, აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის 190 სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში, ექიმის ფიცი საზეიმოდ დადეს ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულებმა.
საზეიმო ცერემონია ქუდების ასროლით, ფოიერვერკითა და კონცერტით დასრულდა.