აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში მთა სარიჩაირის მემთეურებს ესტუმრა და სახალხო დღესასწაული - „შუამთობა“ მიულოცა.
„შუამთობის“ ზეიმი, რომელიც მრავალი წელია ტრადიციად დამკვიდრდა, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. დღესასწაულის აღნიშვნა, ამჯერად, სარიჩარის მთიდან დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში, ის ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა მთას მოიცავს.
„შუამთობა - 2022-ის“ კვირეულის დაწყება, ამჯერადაც მრავალმხრივი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა, რომელშიც ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.