წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომა, რომლის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულებს და მიუსამძიმრეს მათ ოჯახებს, სრულიად საქართველოს.
მუდმივმოქმედი ღია მმართველობის საბჭოს წევრებს, სხდომაზე დამსწრე საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოების თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და გივი მიქანაძე მიესალმნენ. მათ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიური თანამშრომლობის, ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების წინაპირობებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სხდომაზე, ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, გეგმაში 30-მდე იდეა დაჯგუფებულია 8 ვალდებულებაში და 3 ძირითად ბლოკში ერთიანდება. თითოეული ბლოკი ღია მმართველობის უმთავრეს პრინციპებს წარმოადგენს და საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, ცნობიერების ამაღლებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებს.
გეგმა ერთხმად დამტკიცდა და საბჭოს გადაწყვეტილებით, ის საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება.
დღესვე, კანონმდებლებმა კონკურსის - „იდეები უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“ გამარჯვებულები - ლანა მუკუტაძე (პირველი ადგილი), ანა მოგელაძე (მეორე ადგილი) და ქეთევან მალაზონია (მესამე ადგილი) დააჯილდოვეს. მათი იდეები აისახა ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში, რომლის თანახმად, ამიერიდან კონკურსი ყოველწლიური იქნება.