აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის გასვლით სამუშაო შეხვედრაზე, ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
13-15 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გამართული შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთი კვინიკაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი გიორგი ბობღიაშვილი მიესალმნენ.
ღია მმართველობის სამოქმედო გეგმისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული და კონკურსის - „იდეა უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“ გამარჯვებული ინიციატივები საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ, თავმჯდომარის თანაშემწემ - ირინე ბერიძემ და მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა სუზანა ვაშაყმაძემ წარმოადგინეს.
შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ინიციატივა წარუდგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ხოლო საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მომზადებული იდეები -გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა -ირინე ურუშაძემ და ნინო შაინიძემ, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გააცნეს. წარმოდგენილი 36 ინიციატივიდან, სამოქმედო გეგმისთვის, საბოლოოდ, 26 შეირჩა, რომლებიც 8 ვალდებულებაში გაერთიანდა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის როლზე ისაუბრა.
ღია მმართველობის საბჭო 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმას უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ღიაობისა და ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფის, საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერების ინიციატივები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით ხორციელდება.