საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ,,ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ლაშა მიქელაძისგან მოისმინეს.
მომხსენებლის განცხადებით, შარშან, ბათუმის უცვლელი სავიზიტო ბარათის - ბულვარის ბიუჯეტი 9 მილიონ ლარს აჭარბებდა, რომელიც მწვანე საფარის მოვლა-აღდგენაზე, ინფრასტრუქტურულ მართვაზე, ქონების განკარგვისა და სხვა ღონისძიებებზე გაიხარჯა.
ძირითად მოხსენებასთან ერთად, ლაშა მიქელაძემ მიმდინარე წლის ექვს თვეში გაწეულ საქმიანობასა და ახალ პროექტებზე, ბულვარის განაშენიანების გეგმაზე ისაუბრა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყურადღება გამახვილდა ტურისტული სეზონისთვის შესრულებულ და მიმდინარე პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და გამოწვევებზე.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია ცნობად მიიღეს.