უმაღლესმა საბჭომ, რიგგარეშე სესიაზე, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 11 ხმით, 6 -ის წინააღმდეგ, მიიღო. კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 28 300 000 ლარით, 6,2 %-ით იზრდება და 482 305 800 ლარით განისაზღვრება. იზრდება ყველა მხარჯავი ორგანიზაციის, უწყებისა თუ სამინისტროს დაფინანსება: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ემატება 475 700 ლარი და ჯამში, 28 მილიონ 907 ათას ლარს შეადგენს. 8 499 800 ლარით იზრდება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი და 82 მილიონ ლარს აჭარბებს. 20 მილიონზე მეტია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელსაც კანონის პროექტის თანახმად, 829 900 ლარი ემატება. რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მისი ბიუჯეტი 120 მილიონს აღემატება. იზრდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობაც, რაც ჯამში,163 230 000 ლარია.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.
11 ხმით მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტებს მოიცავს.