23 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

  კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

  სხდომაზე თანამოხსენებით გამოვიდა ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე. მისი განცხადებით, პროექტის თანახმად, 475 ათას ლარზე მეტით იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი, ამასთან, განხორციელდება ახალი პროგრამები და თანხის ნაწილი ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე გადანაწილდება.

  მინისტრების მიერ წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტებმა კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომისათვის მომზადებულად მიიჩნიეს.

  ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი  მონაცემებისა  და  მიმართულებების  შესახებ  ინფორმაციასთან დაკავშირებითაც. შესაბამისი მოხსენებები ამჯერადაც  ჯაბა ფუტკარაძემ და ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.

  კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა თემატურ მოკვლევაზე იმსჯელეს, რომელსაც დარგობრივი კომიტეტი შშმ  პირთათვის  გარემოს  ხელმისაწვდომობის  შესწავლის მიზნით იწყებს.  კომიტეტის თავმჯდომარის - ილია ვერძაძის განცხადებით, თემატურ მოკვლევაში სამუშაო ჯგუფიც ჩაერთვება.

   კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონის  პროექტები: ,,თამბაქოს  კონტროლის  შესახებ“  საქართველოს  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე’’  საქართველოს  კანონში  ცვლილების  შეტანის  შესახებ’’,  ,,საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსში  ცვლილების  შეტანის  შესახებ’’ შესაბამისი მოხსენება სხდომაზე ილია ვერძაძემ წარმოადგინა.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი