აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, გასვლითი სხდომა, ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში გამართა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები შეისწავლიან ბიბლიოთეკებში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებს, პერსპექტივებს და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს.
„მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის გაცნობა მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სრული ინფორმაცია თუ რა გამოწვევები არსებობს მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, რამდენად პასუხობს ეს სივრცეები საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და საჭიროებებს. მიღებული მონაცემების ანალიზი დაგვეხმარება შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ.
გასვლით სხდომას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკარები, პედაგოგები, რესურსცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარების, მოზარდზე მორგებული გარემოს შექმნისა და ახალი სტანდარტების დანერგვის საკითხებზე.
კომიტეტის წევრები, თემატური მოკვლევის ფარგლებში, გასვლით სხდომებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავენ.