ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიხსნა.
“მსგავსი ფორმატის კონფერენცია ბათუმში პირველია და იმედი მაქვს, ტრადიციად დამკვიდრდება. ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სასაუბროდ მშობელთა და ბავშვთა ჩართულობით“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ კონფერენციის გახსნისას.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტის მხარდაჭერით გამართული 2-დღიანი კონფერენციის მიზანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობაა.
კონფერენცია, რომელსაც პოლიტიკური, სამეცნიერო წრეებისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან, დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში - ღასან ხალილმა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებმა - გიორგი ამილახვარმა და ელისო ბოლქვაძემ გახსნეს.