საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. შესაბამისი მოხსენება მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა.
მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსმენისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.
პლენარულ სხდომაზე განიხილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტიც.
უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრების (დავით გაბაიძე, ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, ლაშა სირაბიძე, ფრიდონ ფუტკარაძე) მიერ ინიცირებული პროექტი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის ცვლილებას ითვალისწინებს.