27 მაისი

    სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს  უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

    მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების,  ტელე-რადიო გადაცემების, ბიუჯეტის, სოციოლოგიური კვლევების შედეგების, სარეიტინგო მაჩვენებლების, შიდა და გარე აუდიტის დასკვნებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა.

    ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა უპასუხეს კანონმდებელთა კითხვებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

    მეორე საკითხად, სხდომაზე, „აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობის თაობაზე“ უმაღლეს საბჭოში შემოსული პეტიცია განიხილეს. მისმა ავტორმა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას მცხოვრებმა - მაგდა ქათამაძემ პეტიციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. განხილვას, ასევე, ესწრებოდა საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი.

   კომიტეტმა, სათანადო მოსაზრებებისთვის,  პეტიციის აჭარის მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

   ამავე სხდომაზე  განიხილეს დადგენილების პროექტი - აჭარის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

   კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი