„ქალები და ღირებულება სიცოცხლის ფასად“ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ბათუმში TEDx-ის სტილის ღონისძიება – „შთააგონე” A-Spire“ გაიმართა.
„ქალები და ღირებულება სიცოცხლის ფასად“ - ამ სახელწოდების ღონისძიება დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და მისი პირველი ნაწილი თსუ-ს სტუდენტებს დაეთმო, რიმლებმაც 1917-1921 წლებში მოღვაწე ქალთა შესახებ მოკვლეული მასალები წარმოადგინეს.
ღონისძიების მეორე ნაწილს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში უძღვებოდა, რომელმაც თავის გამოსვლაში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით საბჭოს მიერ გატარებულ აქტივობებსა და მიზნებზე ისაუბრა.
უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქალებმა თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანეს, ბევრმა მათგანმა კი თავისუფლებას, ადამიანის უდიდესი ღირებულება - სიცოცხლე შესწირა.
ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მეორე მსოფლიოს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების, დედაენისა და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ქალებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უმძიმესი წარსული და ისაუბრეს ქალთა როლზე ქვეყნის დამოუკიდებლობის პროცესში.