„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავძლიოთ გამოწვევა, რომელსაც უმუშევრობა ჰქვია. სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და არსებულის მაქსიმალურად ათვისებას ისახავს მიზნად. დღევანდელი ფორუმიც ამის ნათელი დადასტურებაა და მჯერა, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, შეძლებენ საერთო მიზნის მიღწევას“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ბათუმში დასაქმების ფორუმის გახსნისას.
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დასაქმების ფორუმი სამუშაოს მაძიებლებებსა და დამსაქმებლებს უშუალო, პირდაპირი ურთიერთობისა და არჩევანის ოპერატიულად გაკეთების ძალზე კარგ შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმზე, რომლის მიზანი რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრაა, აჭარაში მოქმედი 70-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობს. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეარჩიონ სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, სამრეწველო, საბანკო და სხვადასხვა სფეროდან წარმოდგენილი 240 ვაკანსია, 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილით.
დასაქმების ფორუმის პირველი - საინფორმაციო და ინტერაქტიული ხასიათის ნაწილი აჭარაში მიმდინარე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ პრეზენტაციასა და შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს დაეთმო.
დღის მეორე ნახევარში სამუშაოს მაძიებლები გაეცნენ აჭარის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს და უშუალოდ გაესაუბრნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.