აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. საკითხი, ბიუროს რიგით მე-8 სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცედურები იწყება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განმარტებით, პაკეტი მოიცავს:
კანონის პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და რეგლამენტის პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, უმაღლეს საბჭოში მესამე პეტიცია შემოვიდა ელექტრონულად - „აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის თაობაზე“ . პეტიციის ავტორი ამჯერადაც შუახევის მკვიდრია, იზა ფუტკარაძე სოფელი დღვანის მცხოვრებია. სხდომაზე განისაზღვრა საკითხზე წამყვანი კომიტეტი.
ცვლილებაა „მინისტრის საათის“ გრაფიკში - უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ ფორმატში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს 2 ივნისის ნაცვლად, 10 ივნისს მოუსმენენ. ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი შესაბამის გადაწყვეტილებაში შესატან ცვლილებას, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.